ვის ემუქრება პუტინი „კბილების ჩამტვრევით“

რუსეთის პრეზიდენტმა საორგანიზაციო კომიტეტ „პობედას“ სხდომაზე განაცხადა, რომ მტრებს რუსეთისთვის ტერიტორიების წაგლეჯვა სურთ და თუ ისინი ამას ეცდებიან, პუტინი „კბილებს ჩაუმტვრევს“. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამის გარანტია რუსეთის სამხედრო განვითარებაა. სინამდვილეში, არავინ ცდილობს კრემლისთვის ტერიტორიების წართმევას, ეს თავად რუსეთის ჯარები დგანან უკანონოდ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე. ვლადიმერ პუტინი გამოგონილი მტრის ხატით ასეთივე გამოგონილი რუსეთის დიდების დაცვაზე მითებს ავრცელებს, რომ რუს ხალხს შიდა პრობლემებიდან ყურადღება გადაატანინოს და საკუთარ ავტოკრატიულ რეჟიმს დღეები გაუხანგრძლივოს.  პუტინი მტრებსა  და მოქალაქეების დაცვაზე საუბრით, უბრალოდ, რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობს.

საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოებს  ხშირად ორ ტიპად ყოფენ: სტატუს ქვოს მომხრე და რევიზიონისტი ქვეყნები. პირველი ტიპის ქვეყნები საერთაშორისო წესებს, სისტემასა და პრაქტიკას აღიარებენ, რევიზიონისტი ქვეყნები კი ამ სისტემას დასავლეთის „პირმშოდ“ აღიქვამენ და მიზანმიმართულად ებრძვიან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ნორმებს, რომლებიც სინამდვილეში ადამიანების უკეთესი ცხოვრების გარანტიაა. პუტინის რუსეთი რევიზიონისტი ქვეყანაა და რუსეთის პრეზიდენტისთვის ყველაფერი ცუდი დასავლეთისთვის, ავტომატურად, კარგია რუსეთისთვის. ვლადიმერ პუტინი არაფრად აგდებს იმას, რომ ასეთი მიდგომით, პირველ ყოვლისა, რუსეთის მოქალაქეები ზარალდებიან.

რევიზიონისტული პოლიტიკის გასამართლებლად პუტინმა წარმოსახვითი, გარეშე მტრის ხატი გაპრეზიდენტებიდან მალევე შექმნა. ეს მას ფაქტობრივი დიქტატურის დამყარებაში დაეხმარა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისევე როგორც გლობალურ არენაზე, აგრესიული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა. დასავლურ ქვეყნებში ხელისუფლებებს ასეთი პოლიტიკის გატარება აზრადაც არ მოსდით იმიტომ, რომ საზოგადოება მათ პასუხს მოსთხოვს. რუსეთში კი პუტინმა ხალხი მტრებზე საუბრით იმდენად დაზაფრა, რომ მეზობელ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენციებსაც კი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუპირისპირდა. არადა, დასავლეთს რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ძალიან ბევრი რუსი მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბევრი მათგანი მნიშვნელოვან კარიერულ ნაბიჯებსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დგამს. უფრო მეტიც, დასავლეთის მიერ პუტინის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე პასუხია და არა  – ევროპის მოქალაქეების. თუ დღეს ვინმე რუსეთს ემუქრება, ეს თავად პრეზიდენტი პუტინი და მისი ავტოკრატიული რეჟიმია.

პუტინმა მიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეკავების მცდელობები საუკუნეებს ითვლის: „ ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა, როგორც კი რუსეთი გაძლიერდებოდა, ისინი პოულობდნენ განვითარებისთვის ხელის შეშლის მიზეზს.“ პრეზიდენტმა დაამატა, რომ კრემლის ზოგიერთი კრიტიკოსი რუსეთის მიერ ბუნებრივი რესურსების ფლობას უსამართლობად მიიჩნევს. პუტინს არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ წუხს რუსეთის რესურსებზე, რადგან იცრუა და ასეთი განცხადება არავის გაუკეთებია.

ვლადიმერ პუტინის აზრით, დასავლური სანქციებიც ისტორიული ტრენდის ნაწილია. მან ალექსანდრე III-ის სიტყვები მოიშველია: „ ყველას აშინებს ჩვენი სიდიდე“. არავის ეშინია რუსეთის „სიდიდის“. სანქციები რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და პროპორციული პასუხია. ეს არის გზა, პასუხი აგებინონ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც მუდმივად მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა და ლეტალური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს  რუს ხალხთან.

„მას შემდეგაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენი პოტენციალის ერთი მესამედი დავკარგეთ, რუსეთი მაინც ძალიან დიდია ბევრისთვის“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტს ავიწყდება, რომ ის, რასაც ქვეყნის პოტენციალის ერთ მესამედს უწოდებს, არასდროს ყოფილა რუსეთის. საბჭოთა რესბულიკები, მათ შორის, საქართველო, წითელი არმიის შეჭრის შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანდნენ კავშირში და მის დაშლამდე დრო საბჭოთა ციხეში გაატარეს. თანაც, „ძალიან დიდი“ რუსეთი იმდენად ხარბი აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგაც უკრაინისა და საქართველოს მიწაზე რუსი სამხედროები უკანონოდ არიან განლაგებულები და, რატომღაც, თავიანთი ქვეყნის ტერიტორია ეპატარავებათ.

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რუს ხალხს „კოლექტიური დასავლეთის“ შიში ჩაუნერგოს და დააჯეროს, რომ ევროპა რუს ხალხს ებრძვის: „ რაც  უნდა გავაკეთოთ, როგორც  უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მადა, ისინი მაინც შეეცდებიან ჩვენს შეკავებას, მაგრამ ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს ეს ქვეყანა გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ არა მხოლოდ მის შესანარჩუნებლად, არამედ – გასაძლიერებლად.“  პუტინის პირადი პატიმრის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები და დემონსტრანტების სიმრავლე ცხადყოფს, რომ პუტინს რუსეთის მოქალაქეების სახელით საუბრის უფლება აღარ აქვს.  თავად რუსების საქმეა, რამდენ ხანს აცდიან მათთვის არასასურველ ავტოკრატს „ხელმწიფის ტახტზე“ ჯდომას, თუმცა, დასავლეთი კრემლის აგრესიულ ქმედებებს ქვეყნის გარეთ მშვიდად ვერ უყურებს. დასავლეთი ცდილობს მოსკოვის შეკავებას და ასეც უნდა გააგრძელოს, თუმცა, არა იმიტომ, რომ, როგორც პუტინი ამბობს, მათ რუსეთისნაირი ქვეყანა არ სჭირდებათ. იმიტომ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს უქმნის საფრთხეს და საკუთარი მოქალაქეების დაცვა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ექსკლუზიური უფლება არ არის.

მარიამ ჩადუნელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები