თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ნატო-ს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე, ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქცენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციტივის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები