10 ივნისი მერაბ ბერძენიშვილის დაბადების დღეა

10 ივნისი მერაბ  ბერძენიშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი).
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. 1988 წლიდან – პროფესორი.
ძირითადი ნამუშევრებია: „რუსთაველი“ (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია).
მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“ (ბრინაჯო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან“… (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი).
სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“), „ილია ჭავჭავაძე” (ბრინაჯო, 1985, თბილისი), „ტიციან ტაბიძე“ (ბრინჯაო, 1994), „დოდო აბაშიძე” (ბრინჯაო, 1995, თბილისი), ნ. დუმბაძის მემორიალი (1986, ბრინჯაო), დიდგორის მემორიალი (1991).
ფერწერა და გაფიკა: „მამაკაცის პორტრეტი” (ძმის პორტრეტი, 1959), „პარიზის ჩანახატები” (1963). 1975 წელს „გიორგი სააკაძისა” და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, „ზარი“ („საბჭოთა საქართველო”, 1979).
მისი დამსახურებები: საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994).
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო საქართველოს მეცნიერებათა კადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის”
გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები