ირაკლი ჩიქოვანი – ,,ნაცმოძრაობას”: ჩემთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი კონკრეტული, პარტიული ინტერესი გადარდებთ
“ჩემთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი კონკრეტული, პარტიული ინტერესი გადარდებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ევროპული სულისკვეთება აბუჩად აიგდო.
„მე როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ერთ კაცზე მორგებულ კანონებს არ ვიღებთ, ეს ასე, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობენ, რომ ეს კანონი სპეციალურად შექმნილია ნიკამ მელიასთვის, მერე გამოდის სხვა ოპოზიციონერი კოლეგა და გვეუბნება მზრუნველობითი ტონით, რომ თურმე მათ ეს კანონი (ამნისტიის) არ აინტერესებთ და იბრძვიან იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ცნობილი მოვლენების ( 20 ივნისი) დროს დაზარალდნენ. მოდით, ჩამოვყალიბდეთ, რაა, სად ხართ?! თუმცა, ჩემთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი კონკრეტული პარტიული ინტერესი გადარდებთ.
აქ გამოითქვა მოსაზრებები, რომ თურმე ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ვინაიდან არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონი. გულწრფელად გეტყვით, მგონია, რომ ამ ადამიანებმა ეს სიტყვა და ევროპული სულისკვეთება აბუჩად აიგდეს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.