გივი მიქანაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ არ გამოკვეთილა არსებითი პრობლემა, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე
„პარლამენტში თითქმის ერთი თვეა, აქტიურად მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისია, რომელიც არა ოპოზიციის, არამედ მმართველი გუნდის ინიციატივით შეიქმნა.
კომისიამ, მაქსიმალური ღიაობითა და გამჭვირვალეობით, ნეიტრალურობის დაცვით განახორციელა ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნების იდენტიფიცირება და მათგან ნახევარზე მეტის გადათვლა პროფესიონალი მთვლელების მონაწილეობით. მცირე ტექნიკური ხარვეზების გარდა, არსებითი პრობლემა არ გამოკვეთილა, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე”, – ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ რეალობის ფონზე, ოპოზიცია შვიდი თვის განმავლობაში საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებს აწვდიდა მცდარ ინფორმაციას არჩევნების შესახებ. „საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური შეკითხვები. რატომ არ შექმნა ოპოზიციამ ამდენი ხნის განმავლობაში საგამოძიებო კომისია. რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის დიდი ნაწილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რატომ არ წარადგინა ოპოზიციამ მტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
პასუხი ყველასთვის ცხადია. ვერ წარადგენ იმას, რაც არა გაგაჩნია. ოპოზიციას რომ რაიმე სამხილი ჰქონოდა, ამ დრომდე აუცილებლად წარადგენდა საზოგადოების წინაშე. ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას და საზოგადოების წინაშე კომისიაში მონაწილეობისადმი თავის არიდებას ამართლებს კომისიისადმი უსაფუძვლო უნდობლობით. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღემდე არ აწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, შემოვიდა პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც შვიდი თვის განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებდა”, – განაცხადა მიქანაძემ.