დავით მათიკაშვილი: აშშ-სთან, ისევე როგორც ნატო-სთან და ევროკავშირთან მიმართებაში, არასდროს საქართველო არ ყოფილა იმაზე ახლოს, როგორც ეს არის დღეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლით ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.
“შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, არასდროს საქართველო არ ყოფილა იმაზე ახლოს, როგორც ეს არის დღეს. ეს მაღალი დონის ვიზიტი ცხადყოფს ამ კავშირის მნიშვნელობას და საქართველოს როლის გაზრდა რეგიონში, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების და იმ ინტერესის გამო, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გააჩნიათ კავკასიაში, ასევე საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი და ჰქონდეს მკაფიო და მყარი კავშირი სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.