მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი “KAWASAKI”-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი “KAWASAKI”-ის მარკის 16 მოტოციკლით განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.
“დაინტერესებულ პირებს “A”/”A1” კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მოტოციკლის – “A”/”A1″ კატეგორიისა და ქვეკატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.