ვაკის პარკისთვის კოტე აფხაზის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

ნიკოლოზ კოტეს ძე აფხაზი (1899-1987). ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი აფხაზის ბოტანიკურ ბაღში მიმოაბნიეს.

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია გამოდის ინიციატივით, ვაკის პარკს ეწოდოს „კოტე აფხაზის პარკი“, სადაც ის 14 ქართველთან ერთად დახვრიტეს 1923 წელს ბოლშევიკებმა.

„ამ შეუდრეკელი პატრიოტის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს! “

ზუსტად იმ წელს, როცა კოტე აფხაზის ცოლ-შვილმა საფრანგეთში შეიტყო კოტე აფხაზის თბილისში დახვრეტის ამბავი, როცა შვილი – ნიკო აფხაზი და მეუღლე – ელენე იოსელიანი დამწუხრებულები ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება უცხოეთში, ნიკო აფხაზმა პარიზში გაიცნო 20 წლის პიანისტი გოგონა – მარჯორი (პეგი) პემბერთონ-კარტერი. ნიკო და პეგი დამეგობრდნენ…
პიანისტი ინგლისელი გოგონა პატარა იყო, როცა მისი მშობლები – მეიბლ და ჯეინ კარტერები გარდაიცვალნენ და ის იშვილეს ოჯახის ახლობლებმა – ფლორენს და თომას პემბერტონებმა. 1932 წელს პეგის ოჯახი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდა და ნიკოსთან დაცილება მოუწია…
მოხდა ისე, რომ 1942 წელს ნიკოლოზ აფხაზი ტყვედ ჩავარდა და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
შანხაიში მყოფმა პეგიმ ნიკოს ბედი გაიზიარა და 1943 წელს ისიც საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. 1945 წელს, როცა ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ბანაკში მყოფნი, პეგი ჯერ კალიფორნიაში გაემგზავრა, მერე კი კანადის ქალაქი ვიქტორია მოეწონა და იქ დასახლება გადაწყვიტა.
ამ პერიოდში ის „წითელი ჯვრის“ დახმარებით ნიკოს ძებნას აგრძელებდა და დადგა ნანატრი დღე-ტყვეობიდან გათავისუფლებული ნიკო აფხაზი ნიუ იორკში ჩავიდა პეგისთან შესახვედრად.
მარჯორი (პეგი) პემბერთონ-კარტერი -აფხაზი (1902-1994). ნიკო აფხაზის მეუღლე.

1946 წელს პეგი და ნიკო დაქორწინდნენ და მარჯორი-პეგი პემბერთონ-კარტერი პეგი აფხაზი გახდა… ამ დროს ნიკო 47-ის, ხოლო პეგი 44 წლის იყო…

საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას პეგიმ მემკვიდრეობის საბუთების გადამალვა მოახერხა და ვიქტორიაში ჩასვლისას, ფულადი მემკვიდრეობის ანაზღაურების შემდეგ, უზარმაზარი ტერიტორია შეიძინა. ასე დაიწყეს ბოტანიკური, უნიკალური ბაღის გაშენება ნიკო და პეგი აფხაზებმა.
მათ შვილი არ ჰყავდათ. მთელი ცხოვრება ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობაში გალიეს… ნიკოს გარდაცვალების მერე (1987 წელი) პეგიმ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა (გარდაიცვალა 1994 წელს), თუმცა დატოვეს ულამაზესი ბოტანიკური პარკი, რომელიც დღესაც არსებობს ვიქტორიაში და „აფხაზის ბაღად“ იგივე „სიყვარულის ბაღად“ არის ცნობილი. ორივეს ფერფლი ბაღის ტერიტორიაზე მიმოაბნიეს“… – აღნიშნულია ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის ფეისბუქგვერდზე.

კანადის ქალაქ ვიქტორიაში, კოტე აფხაზის შვილის-ნიკოლოზ აფხაზის და მისი მეუღლის პეგი აფხაზის გაშენებული ბაღი.
იქვე ვკითხულობთ: „კოტე აფხაზის სახელი აერთიანებს სამშობლოსათვის თავდადებულთ და სწორედ ვაკის პარკს შეუძლია, გადოს ხიდი თბილისიდან ვიქტორიამდე…
წარმოიდგინეთ მომავალი თაობების ახალგაზრდების დიალოგი:
– სად მიდიხართ?
-კოტე აფხაზის პარკში!
მხოლოდ ასეთნაირად უკვდავვყოფთ გმირებს! ასე შემოვუნახავთ ისტორიას“!
იხილეთ კანადაში არსებული აფხაზის ბაღის საიტი:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები