კინოკადრირების პრინციპი და ვლადიმერ კანდელაკის დაბადების დღე

„ვლადიმერ კანდელაკის კომპილაციური ნახატი-ობიექტები და ასამბლაჟები, სახვითი ენის თვალსაზრისით, განეკუთვნება სიურეალისტურ თუ მაგიურ-რეალისტურ სტილებს. ნამუშევრებში თავმოყრილია განსხვავებული დეკადების უტილიტარული ნივთები. სამომხმარებლო თუ ანტიკვარული ობიექტების დეკონსტრუირებით ხელოვანი იაზრებს წარსულს და, ამავდროულად, ახალ, კრიტიკულ მოცემულობას გვთავაზობს. კოლაჟური კომპოზიციები ფრაგმენტირებულად, კინოკადრირების პრინციპით წარმოაჩენს მრავალფიგურიან კომპოზიციებს.
დაყოფილი სასურათე სიბრტყე კარედის ერთგვარი რედაქციაა, ხოლო ქართული თანამედროვეობის მრავალფიგურული ნამუშევრები ბოსხისეული, ბრეიგელისეული კომპონირების მეთოდებს გაგვახსენებს. ხშირად არტისტის მიერ შემუშავებული თხრობის კომპლექსური მანერა დეკორატიულობამდე და ნოსტალგიურ განწყობამდეა დაყვანილი.

მხატვარი ექსპლიციტურად ავლენს ნონკნფორმისტულ პოზიციებს ანტისაბჭოთა თემატიკის ნამუშევრებში, სადაც საბჭოთა სიმბოლიკა, თამაშის მდგომარეობა, როგორც ყალბი რეალობა და დასჯის სინდრომი, ისე იკვეთება“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
