გიგა ბოკერია: შესაძლოა, მერობის კანდიდატი იყოს ფიგურა, რომელსაც აქამდე პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, თუმცა, ეს აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, შესაძლებელია, მერობის კანდიდატი იყოს ფიგურა, რომელსაც აქამდე პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, თუმცა, ეს აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.
მისივე თქმით, მერობის კანდიდატი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობის მოპოვებას შეძლებს.
„რაც შეეხება იმას, რომ მერი აუცილებლად აპოლიტიკური უნდა იყოს, ასე საკითხის დასმა არასწორია. ჩვენ უნდა მივუდგეთ საკითხს ასე – მერობის კანდიდატი უნდა იყოს ყველა ფიგურა, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობის მოპოვებას. ზოგადად, თქმა, რომ პოლიტიკური თანამდებობა არაა მერი, შეცდომაა. ეს არ გამორიცხავს, რომ მერი იყოს ისეთი ფიგურა, რომელსაც აქამდე არ ეკავა პარტიული რაიმე თანამდებობა, ეს შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია ადამიანს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს აუცილებელი პირობა, რადგან ჩვენ არამხოლოდ თბილისში, არამედ საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში გვჭირდება შეჯერება კანდიდატებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. მისივე თქმით, თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა – რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.