შალვა პაპუაშვილი: იმ სპექტრში, რომელსაც ,,ლელო” და ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს, არ არის კანდიდატი, რომელიც შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების” კონკურენტი

“იმ სპექტრში, რომელსაც ,,ლელო” და ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს, არ არის კანდიდატი, რომელიც შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების” კონკურენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც საპარლამენტო არჩევნებში.

,,ზოგადად, სწორია „ლელოს” პოზიცია, რომ სჯობს, მერობის კანდიდატი საკუთარი რიგების მიღმა ეძებონ, რადგან იმ სპექტრში, რომელსაც ისინი და ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს, არ არის კანდიდატი, რომელიც შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების” კონკურენტი.

გასაგებია მათი მიდგომა. უნდა იყოს თუ არა პოლიტიკოსი ქალაქის მერი? – ის, ვინც პოლიტიკაშია, ყველა პოლიტიკოსია, ვინც პოლიტიკაში მოვა, ისიც პოლიტიკოსია. ანუ განსაზღვრებით ასეა, რომ ვინც პოლიტიკაში არიან, პოლიტიკოსები არიან და რაიმე გამიჯვნა ცუდი ადამიანები არიან პოლიტიკოსები და კარგი ადამიანები – არაპოლიტიკოსები, მიამიტური მიდგომაა. პარტიების რეიტინგი 31 ოქტომბერს გავზომეთ და ყველამ იცის, მოსახლეობაში თუ რა წონა აქვს. ამის შემდეგ რამდენიმეთვიანი კამპანია ვიხილეთ, როცა ოპონენტები პარლამენტში არ შემოდიოდნენ. ვნახეთ, ამ კამპანიის დასასრული, რომ მათ მოუწიათ, მარცხის აღიარება და პარლამენტში შემოსვლა. აქედან დასკვნა მარტივია, ვის აქვს ძლიერი პოზიციები – „ქართულ ოცნებას” თუ ოპოზიციას. ეს ფაქტი გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, რადგან „ქართული ოცნება” ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი უნდა თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. მისივე თქმით, თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები