ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გერმანიის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

“გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მოსმენა გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან დგას საქართველოს გვერდით. მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ორივე ორგანიზაციაში გერმანიის როლსა და გერმანიის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თავის მხრივ, რუბერტ ქრინშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან გერმანიის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებსა და ამ გზაზე გერმანიის როლზე.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში. თქვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორობის აღიარება დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ ამ ურთიერთობებში. საქართველო არის გერმანიისგან აღიარებული და დაფასებული მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები