შალვა პაპუაშვილი: თუ არ არის შეთანხმებაზე ხელმოწერა, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია
“თუ არ არის შეთანხმებაზე ხელმოწერა, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოოდ, ,,ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მაინც მოაწერს.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, 19 აპრილის შეთანხმებასაც მოაწერენ ხელს. ახლა მათი მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, საკუთარი მომხრეების თვალში გარკვეული ლეგიტიმაცია შეინარჩუნონ, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდნენ. თქვეს, რომ მომხრეების გამოკითხვას მოაწყობდნენ და გადაწყვეტილებას ასე მიიღებდნენ. საბოლოოდ, ამ გამოკითხვის შეეშინდათ, ვინაიდან, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათი მხარდამჭერები არ იქნებოდნენ იმის მომხრე, რომ მანდატი განეხორციელებინათ. 19 აპრილის ხელმოწერაზე უარის თქმა არის ერთ-ერთი ხრიკი, რათა მომხრეებისთვის შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს, რაღაც უსამართლობას არ ეგუებიან. ისინი 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. თუ არ არის შეთანხმებაზე ხელმოწერა, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია. ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია გზა, რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლებები, მაგრამ არ ჰქონდეს ვალდებულებები,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.