მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა გუმათში რკინის ჯებირებს მიღმა შესვლა სცადა
მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე გუმათში ჩავიდა. პოლიტიკოსი ადგილზე თანაგუნდელებსა და შვილთან ერთად იმყოფება. მან ხეობაში შესვლა სცადა, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დოლიძის თქმით, სამართალდამცველები უკანონო ქმედებას ახორციელებენ, როდესაც მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ. ამასთან, ტყუილს უწოდებს კომპანია “ენკას”
დირექტორის განცხადებას ხეობაში ტურისტების შეშვებასთან დაკავშირებით.
“აქ საზღვრის გავლება არის ხელოვნური და არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, გადავაადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ერთ მუხლს ვერ მეტყვით, თუ რატომ დგახართ აქ. ძალიან სამწუხაროა, პოლიციას ავიწყდება ის, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აბსოლუტური ფანტასმაგორიაა, რაც თქვა დღეს კომპანია “ენკას” დირექტორმა, თითქოს, აქ ხალხი უნდა მოვიდეს და დაათვალიეროს, მინდა, დავათვალიერო და ვინმე მიშვებს? აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.