გიორგი ბოტკოველი: ბოიკოტი იყო ის, რამაც ძალიან ბევრი რამ მოუტანა ქვეყანას, თუნდაც ის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დღეს ვგრძნობთ
“ბოიკოტი არ ყოფილა შეცდომა. ბოიკოტი იყო ის, რამაც ძალიან ბევრი რამ მოუტანა ქვეყანას, თუნდაც ის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დღეს ვგრძნობთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
პოლიტიკოსმა განმარტა, რატომ აცხადებს პარტია შეთანხმების ხელმოწერაზე უარს.
„ბოიკოტი შეცდომა არ ყოფილა. ბოიკოტი იყო ის, რამაც ძალიან ბევრი რამ მოუტანა ქვეყანას, თუნდაც ის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დღეს ვგრძნობთ. მე პირადად მყავს გაკრიტიკებული ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას და შევიდა პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გვემუშავა ერთად და უფრო მეტი უნდა გვეზრუნა იმისთვის, რომ მეტი გამოგვეგლიჯა ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ არ ვაწერთ ხელს – ჩვენი არგუმენტი ორ მთავარ პრინციპს ემყარება. ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ჯალათების შეწყალებას ემსახურება და არ ვეთანხმებით იმას, რომ მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას, რომლის დარღვევაც უკვე დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღის წინ სასამართლოების მაგალითი“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.