ალუდა ღუდუშაური გახარიაზე: ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლა ტყუილით ძალიან ცუდია
ძალიან ცუდია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში მობრუნება უწევს ტყუილის ფონზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შუალედური თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, ხოლო გახარია მეოთხე-მეხუთე იქნება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლა სიცრუით და ტყუილით არის ძალიან ცუდი. ბატონი გახარია როდესაც გადადგა, მან სრულიად სხვა მიზეზები დაასახელა, მიზეზად მოიყვანა. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკაში მობრუნება მას უწევს ტყუილის ფონზე. ბატონ გახარიასთან მიმართებაში, ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდა უფრო მეტი ინტერესი იყო. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინტერესი არის ჩამქრალი. ეს იყო საშუალოზე დაბალი წარმოდგენა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მის მიერ პასუხგაუცემულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მეტად გააჩინა ის სივრცე, რომ ნათლად დაინახა საზოგადოებამ, რაოდენ არათანმიმდევრული იყო მათი ეს განცხადებები. „ქართულ ოცნებას“ არავის დახმარება არ სჭირდება, სჯობს, თავის თავს დაეხმარონ, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, „ქართული ოცნება“ შუალედური თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, ხოლო რაც შეეხება ბატონი გახარიას შანსებს, ვფიქრობ, რომ იქნება მეოთხე-მეხუთე“, – განაცხადა ღუდუშაურმა.