პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასვლით შეხვედრას გამართავენ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე” ფარგლებში 2021 წლის 29-30 მაისს, ზუგდიდში ატარებენ გასვლით სამუშაო შეხვედრას.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ექსპერტი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს წარუდგენს მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო დასკვნის/რეკომენდაციის სამუშაო ვერსიას. აღნიშნული შეხვედრისას თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შესაბამისი კომენტარები და შენიშვნები აისახება თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციაში.
“ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ქარსაფარი ზოლის დათვალიერება და ამ საკითხზე კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის ადგილობრივი ფერმერებისთვის გაცნობა, ასევე, წარმატებული კოოპერატივების საწარმოო პროცესის დათვალიერება და კომიტეტის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგების გაცნობა კოოპერატივის წარმომადგენლებისთვის”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.