ლია ელიავა: „ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი”
ვიხსენებთ ქართული მშვენიერების სიმბოლოდ და ხატად ქცეულ დიდ ქალბატონს – ლია ელიავას (1934-1998), ვისაც დღეს – 28 მაისს 87 წელი შეუსრულდებოდა...
ის რომ მითიური სილამაზის პატრონი იყო, ამას თვალცხადლივ მოწმობს მისი ფილმები და ფოტოსურათები, მის გარეგნულ ბრწყინვალებას რომ ასეთივე მაღალი სული ამკობდა, არაერთხელ აღუნიშნავთ მის თანამედროვეთ. თუმცა, შთამომავლობა ყველაზე უკეთ მისივე ნაწერებით შეიტყობს ლია ელიავას უძლიერესი და „უხვად ციური“ სულის ამბავს.
„როგორ ვიცხოვრე, რა განვიცადე” – ასე დაარქვა მან თავისი მოგონებების 30-გვერდიან ტექსტს, რომელიც მსახიობის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, 2014 წელს გამოსცა მისმა ქალიშვილმა ნანა კობერიძემ.
ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვთ იკითხება და გაოცებს ადამიანის და სიკეთის თაყვანისცემით. მას, ვისაც ყველა შენატროდა, თურმე რამდენჯერ და რამდენმა უსამართლობამ დაუსერა გული?! და მაინც ვერ გააბოროტა ცხოვრებამ. მას განსაკუთრებით ეწადა ეთამაშა სცენაზე ოფელია ლილი იოსელიანის „ჰამლეტში”, კინოში შორენა „დიდოსტატის მარჯვენაში”, ნინო ჭავჭავაძე ვახტანგ ტაბლიაშვილის განუხორციელებელ ფილმში „ბარათაშვილი” და ქეთევან წამებული. დასანანია, რომ ამ და სხვა როლებმაც გვერდი აუარა ამ უნიჭიერეს და უნტიფეს ხელოვანს. მას მიაჩნდა, რომ თავისი ოცნების გმირს ვერ შეხვდა.
ლია ელიავა რომ ინგლისში ან საფრანგეთში დაბადებულიყო, ალბათ ვივიენ ლის, სიმონა სინიორეს და ლეა მასარის მსგავს მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა.
„ვფიქრობ, ბევრი მწვერვალის დაპყრობა შემეძლო, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო. მეტი რომ მეთამაშა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, მქონოდა როლები, რომლებზეც ვოცნებობდი…
მიუხედავად ამისა, მაინც მადლიერი ვარ ღვთისა. ხომ შეიძლებოდა ესეც არ ყოფილიყო – რაც მერგო, რაც ვითამაშე, რაც ჩემმა მაყურებელმა გულთან ასე ახლოს მიიტანა და გაითავისა. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო, ამაში ვრწმუნდები, როდესაც ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები მიღიმიან. ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ძალიან ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი”… – წერს ლია ელიავა.
მე ბედნიერება მხვდა წილად, პირადად მეხილა და მომესმინა ამ ღვთაებრივი ბუნების არსებისთვის, რომელიც სიკეთეს და სათნოებას ასხივებდა.
ქალბატონი ლია ელიავა 1995 წელს გავიცანი ჯიქიების ოჯახში. მათ გერმანელი მხატვრის ვერნერ რუდიგერის პატივსაცემად წვეულება გამართეს და წვეულთა შორის გახლდათ ლია ელიავა. ეს მართლაც ღირსახსოვარი დღედ დარჩა ყველა იქ მყოფის მეხიერებაში, სუფრას ხომ მეოცე საუკუნის საქართველოს ორი ულამაზესი ბანოვანი უჯდა? ქალბატონი თინა სვანიძე-ჯიქია, კონსტანტინე გამსახურდიას უცნობილესი ლექსის ადრესატი და ლია ელიავა! მათი ურთიერთობა მართლაც რომ ამაღლებული იყო, მშვენიერების, სისათუთისა და ადამიანობის დღესასწაული. ლია ელიავას დედა ეკატერინე კერესელიძე და თინა სვანიძე ერთად იყვნენ გადასახლებაში. თბილისში დაბრუნებულები კიდევ უფრო ახლობლები გახდნენ ერთმნეთისთვის. 1974 წლის შემდეგ კი, რაც დედა გარდაეცვალა ლიას, უფრო ხშირად სტუმრობდა დედის მეგობარს. სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში მათი განშორების ჟამი…ლია ელიავამ თინა სვანიძის ხელები გულში ჩაიხუტა, მერე მათ ბაგეებით სათუთად ეამბორა და თქვა: „ამ ხელებს დედაჩემის სუნი აქვს“.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან