მამუკა მდინარაძე – გახარიას გუნდზე: ჩვენ შევხედავთ, რომელი ტელევიზიები დაკავდებიან მათი პროპაგანდით, პიარით თუ აქტუალიზაციით – ეს ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო დამფინანსებლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზოგიერთი ტელევიზია ფლობს ექსკლუზივებს გახარიას გუნდთან დაკავშირებით, ეს კი შემთხვევითი არ უნდა იყოს.
„გულწრფელად გეტყვით, ადამიანურად ძალიან რთულია ასეთ ინფორმაციაზე ჩვენი რეაგირება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მით უფრო, როდესაც მართლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ტელევიზია და ამ ტელევიზიების პარტიული კუთვნილების შესახებ იცით, ფლობენ ექსკლუზივებს გახარიასა და მის გუნდთან დაკავშირებით, პრეზენტაციებთან, მათ სლოგანებთან და პარტიის სახელწოდებებთან დაკავშირებითაც კი. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ინფორმაცია დიდ გამოცდას და დიდ რევიზიას არ საჭიროებს. მომდევნო პერიოდში ჩვენ შევხედავთ, რომელი ტელევიზიები დაკავდებიან მათი პროპაგანდით, მათი პიარით თუ მათი აქტუალიზაციით. ეს ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ჩვენ ამის ნიშნები ვნახეთ, მაგრამ აწიც ვნახავთ. გუშინ ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო და დღეს რაღაცებზე ცოტა სხვა კონტექსტში საუბარი რთულია ადამიანურად, ეს ყველამ უნდა გამიგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა. ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.