ბჟანია – “საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არ ვაპირებთ”
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმი თბილისთან ან სხვა ვინმესთან “სახელმწიფო სტატუსის საკითხის” განხილვას არ აპირებს.
ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტის”-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, “საქართველოსა და აფხაზეთს შორის არ არის”ხელმოწერილი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თბილისის სოხუმს არ აღიარებს, “ვერ ხედავენ ასეთ სახელმწიფოს, როგორიც არის აფხაზეთი”.
“ამიტომ, არ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი კონტაქტები. არსებობს მხოლოდ მოლაპარაკებების პლატფორმა ჟენევაში, რუსეთის მონაწილეობით. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ ვაპირებთ, განვიხილოთ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის საკითხი საქართველოსთან ან ვინმესთან. ის ხალხის მიერ არის განსაზღვრული, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. და ეს თემა სამუდამოდ დახურულია ჩვენთვის. საქართველოს საზღვარზე აფხაზეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ როგორც აფხაზი, ასევე, რუსი მესაზღვრეები. აშენდა რამდენიმე თანამედროვე სასაზღვრო ქალაქი, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის საუკეთესო ქვედანაყოფებია. პროვოკაციები ამ საზღვარზე ძალიან იშვიათია, მათ აზრი არ აქვს”, – თქვა ასლან ბჟანიამ.
კითხვაზე, ძალიან ამძიმებს თუ არა აფხაზეთს არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს სტატუსი? ბჟანია ამბობს – “ამას ვუყურებთ, როგორც დადგენილ რეალობას”.
“დიახ, ეს ჩვენს ცხოვრებას ართულებს. აშკარაა, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის წინ ამუშავდებოდა, რომ არა საქართველო და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ჩვენ გვსურს, ყველასთან ვიმეგობროთ, ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩავიდნენ, მაგალითად, რომში, ან ათენში, რომ ნახონ, როგორ დაიბადა ცივილიზაცია. ასეთ შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მაგრამ ამის გამო განსაკუთრებით არ ვწუხვართ, არც ვკომპლექსდებით. გვაქვს ფანჯარა მსოფლიოსკენ, ფანჯარა ევროპისკენ რუსეთის ფედერაციის გავლით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთთან გვაქვს ერთიანი კულტურული, ერთიანი სულიერი სივრცე. და ეს არ შეიძლება, არ გვახარებდეს”, – თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა.