ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების ვადა დაასახელა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტი მუშაობას 2024 წლის იანვარში განაახლებს.
ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტი”-ს განუცხადა.
”აეროპორტი – ნომერ პირველი ამოცანაა. ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს, მან ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულება მისცა. იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს, და ის არ არის იაფი, მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიარდ რუსულ რუბლამდეა, უნდა არსებობდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმი. ახლა ამ საკითხით ვართ დაკავებული. ჩვენთვის განვსაზღვრეთ, რომ აეროპორტის გაშვების თარიღი 2024 წლის იანვარი იყოს”, – თქვა ბჟანიამ.
მისი თქმით, ტერმინალისთვის ახალი აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენება იგეგმება.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთისთვის ოდესღაც გახსნიან ევროპულ ცას.