შალვა პაპუაშვილი: დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უნდა ჩამოყალიბდეს, ვინაიდან მათ კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას

დღეს არის ის მომენტი, როდესაც განსაკუთრებით ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უნდა ჩამოყალიბდეს, ვინაიდან მათ კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ლევან იოსელიანთან ერთად ვთავმჯდომარეობდი, შეიმუშავა პროექტი, რომელიც სრულად პასუხობს ყველა იმ რისკებს, შიშებს, აღქმებსა და განცდებს, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა ჯგუფს ჩვენს საზოგადოებაში ჰქონდეს, მათ შორის მმართველ ჯგუფშიც. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია, პირველი მოსმენით ეს პროექტი მიღებული იყოს, თუმცა რაც ჩვენ ვნახეთ ამ პროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე, ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც კომიტეტში ოპოზიციის ზოგმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს.

დღეს არის ის მომენტი, როდესაც განსაკუთრებით ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უნდა ჩამოყალიბდეს, ვინაიდან მათ კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღეს პირველი მოსმენით გამოვა ეს საკითხი სხდომაზე და გექნებათ შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროთ და გვაჩვენოთ, 19 აპრილს თქვენი ნათქვამი სიტყვა იყო ნათქვამი სიტყვა, თუ იყო სადღეგრძელო, 19 აპრილს თქვენი ხელმოწერა იყო კალმით გაკეთებული ხელმოწერა, თუ ფანქრით გაკეთებული ხელმოწერა. ჯერჯერობით, მე ეს ვერ დავინახე თქვენში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები