კონგოში ვულკანის ამოფრქვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნირაგონგოს ამოფრქვევას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, პატრიკ მუიაზე დაყრდნობით წერს.

მისივე ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევას 10-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

კონგოში ვულკანის ლავამ ვერ მიაღწია ქალაქ გომასა და მის აეროპორტამდე, რამდენიმე სახლია განადგურებული დასახლებული პუნქტის ფარგლებს გარეთაც.

მანამდე, ქალაქ გომას მკვიდრი, ეპისკოპოსი ელი კლოდ მბამბა მუსანგო აცხადებდა, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ტაძარი, რომლის ეპისკოპოსი თავად არის, ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა.

ვულკანმა ამოფრქვევა 22 მაისს დაიწყო. ქალაქ გომში, რომელიც ვულკანის კრატერიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ელექტროენერგია გამორთეს, მოსახლეობის ნაწილი სახლებს ტოვებდა და რუანდასთან საზღვრამდე მიემართებოდა.

ვულკანი ნირაგონგო კივუს ტბიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3470 მეტრია.

უკანასკნელად ვულკანის დიდი ამოფრქვევა მოხდა 2002 წლის იანვარში. მაშინ, მედიის ინფორმაციით, 250-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ქალაქი გომა 20% -ით განადგურდა, დაახლოებით, 120 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები