„ავტოპორტრეტი“ და ალბრეხტ დიურერის დაბადების დღე
1471 წლის 21 მაისს დაიბადა გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავირების ოსტატი და ხელოვნების თეორეტიკოსი, გერმანული რენესანსის უდიდესი მხატვარი – ალბრეხტ დიურერი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ დღესთან დაკავშირებით მის „ავტოპორტრეტს“ აქვეყნებს.
„ავტოპორტრეტის ჟანრი დასავლურ ხელოვნებაში ძირითადად აღორძონების დროს განვითარდა. დიურერის ავტოპორტრეტები ამის არა მხოლოდ ადრეული მაგალითია, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოა დასავლურ მხატვრობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ავტოპორტრეტი ოცდარვა წლის ასაკში.” ეს ტილო არის მხატვრული წარმოჩენა იმისა, თუ როგორ სურდა დიურერს პოზიციონირება ჩრდილოეთის რენესანსის და ჰუმანისტური მოძრაობის კონტექსტში.
ამ ავტოპორტრეტში დიურერმა გამოავლინა გამორჩეული ტექნიკური უნარები – განსაკუთრებით, თმისა და მდიდრული ბეწვის სტრუქტურის გამოსახვით. სავარაუდოა, რომ ავტოპორტრეტი დიურერის კაბინეტში იყო გამოფენილი, კლიენტებსა და მოსწავლეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ნახატში მას აცვია ბეწვის მოსაცმელი, რაც XV საუკუნეში დიდგვაროვანთა სამოსი იყო – სოციალური სტატუსის სიმბოლო, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დიურერი სწორედ ამ საფეხურზე იყო. ის სიცოცხლეშიც რენესანსის ეპოქის საჯაროდ აღიარებული მხატვარი გახდა. ნამუშევარს ახლავს წარწერა: „მე, ნიურნბერგელმა ალბრეხტ დიურერმა, ჩემი თავი ასე გამოვსახე, უკვდავი ფერებით, ოცდარვა წლის ასაკში”. შუა საუკუნეების ეპოქაში, ოცდარვა წლის ასაკი ნიშნავდა სიმწიფეში გადასვლას“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.
სურათზე: ალბრეხტ დიურერი. „ავტოპორტრეტი“: ოცდარვა წლის ასაკში. 1500. ზეთი, პანელი. ალტე პინაკოთეკი, მიუნხენი, გერმანია.