ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო მკვლევრებმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს (ფოტო)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თელ ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს, ნადირ არბერს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან (EXO-CD24) დაკავშირებით ისაუბრეს.

ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი როგორც დამაკმაყოფილებელ, ასევე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევრების განცხადებით, მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“, – ამის შესახებ თელ ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა, ნადირ არბერმა განაცხადა.
ისრაელის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს. ქართველმა ექიმებმა ისრაელიდან ჩამოსულ მკვლევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი – EXO-CD24 ისრაელში სამედიცინო მკვლევრებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები