ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციას 7 ივნისიდან ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო რეგისტრირება აქამდე ვერ მოახერხეს
კუთვნილი ავტომანქანის უფასო პარკირების მიზნით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციას 7 ივნისიდან ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებიც პარკინგიდან 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობენ და აქამდე, გარკვეული მიზეზების გამო, რეგისტრაცია ვერ გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ მიზნით, თბილისის საკრებულომ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ №33-99 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
,,ცვლილება ეხება საქართველოში არმყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არასრულწლოვნებს ან გარდაცვლილ პირზე გაფორმებულ უძრავ ქონებას.
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლება აქვს, მისი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე, მიმართოს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ პირადი მუნიციპალური სივრცის შექმნის თხოვნით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს პარკირების უფასოდ სარგებლობისთვის უფლება აქვს, მიმართოს ქალაქ თბილისის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ პირადი მუნიციპალური სივრცის შექმნის თხოვნით. განცხადებას უნდა დაურთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მას შეუძლია, მინდობილი პირის მეშვეობით ისარგებლოს ამ უფლებით, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირს უფლება აქვს, ორივე კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, მიმართოს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ პირადი მუნიციპალური სივრცის შექმნის თხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მისი გარდაცვალების მოწმობა უნდა წარადგინოს მეორე კანონიერმა წარმომადგენელმა.
იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების მფლობელი გარდაცვლილია და მისი სამკვიდრო არ არის გახსნილი, სამკვიდროს გახსნამდე, მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკირებით”, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.