ირმა ინაშვილი: ფრიდონ ინჯია იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში
“ფრიდონ ინჯია იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში, თუნდაც, გაყალბებული არჩევნების პირობებში.
„ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. იძულებული და ვალდებული რომ არ ვიყო, საერთოდ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიმდინარეობს საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში. ვიცით, რომ ფრიდონი იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში აღნიშნავს, რომ თურმე სურს, საკუთარი წევრი ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ მას გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი. როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი ჩვენ წაგვართვას. ეს არის კანონისა და კონსტიტუციის უხეში დარღვევა.
საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში და თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, გადალახა ბარიერი, ეს არის პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებაში. ფრიდონი პარლამენტში აღმოჩნდა იმ ფუნქციით, რომ კობახიძის დავალებები შეასრულოს, რაც სამწუხაროა. ეს პროცესი მეტყველებს მეათე მოწვევის პარლამენტის არასიჯანსაღეზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.