რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა რიგით მეორე გასვლითი სხდომა ქვემო ქართლში, ბოლნისის მუზეუმის შენობაში გამართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკომიტეტო მოსმენაზე კომიტეტის წევრებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების ხელმძრვანელებმა რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს და სარატიფიკაციო დოკუმენტს გაეცნენ.
სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ქვემო ქართლის რეგიონის მნიშვნელობა აღნიშნა.
„ეს არის რეგიონი, რომელიც გამოირჩევა თავისი ბუნებით, ეკონომიკური შესაძლებლობებით, ისტორიით და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უნიკალური თანაცხოვრებით. ჩვენ შევიკრიბეთ ქალაქ ბოლნისში არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავეცნოთ რა კეთდება რეგიონში, არამედ იმისთვისაც, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ თუ რა არის კიდევ გასაკეთებელი და რა მიმართულებებზე და გამოწვევებზე ვიმუშაოთ”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II) N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება” გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ბოლო ტრანშის ჩამორიცხვის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს, რომლის ბოლო ვადად 2021 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. მისივე განცხადებით, ფინანსური ხელშეკრულების თანახმად, 22 პროექტი უკვე დასრულდა და 3 პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები. კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში 2020-2025 წლებში აღნიშნული პროექტებისთვის 2.6 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობის შესახებ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა, რომელზეც მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აღნიშნულ საკითხს სამთავრობო და საპარლამენტო დღის წესრიგში სათანადო ადგილი უკავია. მომხსენებლის ინფორმაციით, მთიანი რეგიონების განვითარებისთვის და შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, როგორიც არის ბიზნესის ხელშეწყობის და გარკვეული შეღავათების დაწესება, ადგილებში მომუშავე პერსონალისთვის – ექიმებისა და პედაგოგებისთვის შესაბამისი დანამატების გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სტიმულების დაწესება.
„2019-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული შეღავათებისთვის 157 მილიონი ლარი დაიხარჯა. დასახლებების განვითარების ფონდისთვის 19 მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 20 მლნ. ლარი. ასევე, დაახლოებით 14 მლნ. ლარი იხარჯება სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ხოლო მიმდინარე წელს მაღალმთიან რეგიონების განვითარებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 10 მლნ. ლარი დაიხარჯება”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა. მანვე მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის კოდექსში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები გაწერილია, საუბარია პეტიციაზე, მუნიციპალიტეტების სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე, საზოგადოების წინაშე მერებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშგებაზე და სხვა. ეკა სეფაშვილმა კომიტეტის ფარგლებში მომზადებული ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე თემატური მოკვლევის დაწყებას შეეხება. მისი განცხადებით, თემატური მოკლვევის შედეგები კომიტეტს დაეხმარება უკეთ გაეცნოს თუ რა პრობლემებს და გამოწვევებს მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები და რა ნაბიჯების უნდა გადაიდგას მათ დასაძლევად. სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ქვემო ქართლში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” მიერ 2020 წელს გაწეული სამუშაოების და 2021 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, ფონდი შედარებით მცირე, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რასაც შემდეგი სტატისტიკაც მოწმობს. კერძოდ კი, 2020 წელს რეგფონდის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტები ასე გამოიყურება: ბოლნისი – 15 პროექტი, 5.9 მლნ. ლარი გარდაბანი – 12 პროექტი, 6 239 ათასი ლარი დმანისი – 13 პროექტი, 3 347 ათასი ლარი თეთრიწყარო – 5 პროექტი, 4 472 ათასი ლარი მარნეული – 10 პროექტი, 6 მლნ. ლარი რუსთავი – 13 პროექტი, 9 433 ათასი ლარი წალკა – 6 პროექტი, 4 804 ათასი ლარი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თითოეულ პროექტზე ინფორმაცია წარმოადგინა და ფონდის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. მისივე განცხადებით, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით, რეგფონდის მიერ სულ 1065 პროექტი განხორციელდა, სადაც 360 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც 99.7%-ით თანხების ათვისებას ნიშნავს. ილია ბეგიაშვილმა სხდომის მონაწილეებს სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, მთის ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ კი რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში ფონდის მიერ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციისთვის განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. კომიტეტის გასვლით სხდომაზე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასეს და იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. მომხსენებლების მხრიდან ყურადღება გარკვეული სოფლებისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხებზე და დაწესებული შეღავათებით სარგებლობაზე, წყალმომარაგების პრობლემებზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, ასევე რიგ დასახლებებში საავტომობილო გზების რეაბილიტაციასა და სხვადასხვა ტიპის ინფრასტუქტურ პროექტებზე გამახვილდა. სხდომაზე რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გოგი მეშველიანმა და ნინო ლაცაბიძემ კომიტეტის გასვლითი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გასვლითი სხდომების ფორმატი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დეპუტატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირადად ისმენენ რეგიონის და მუნიციპალიტეტების საჭიროებებს და ერთად მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე. სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ გასვლით საკომიტეტო სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს რეგიონებში გასვლით ადგილზე გაეცნონ არსებულ მდგომარეობას და ასევე ამ ფორმით განახორციელონ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა.
„კომიტეტის გასვლით სხდომების დროს ადგილზე ვეცნობით იმ საკითხებს თუ რა კეთდება ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და მაჟორიტარი დეპუტატებისგან, თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელებისგან, მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ადგილზე ვისმენთ იმ პრობლემებს, რომელიც თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში დგას. დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოვისმინეთ თუ რა სამუშაოები ტარდება ქვემო ქართლში და ასევე გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც სწრაფ გადაჭრას საჭიროებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რაც შეიძლება რეგიონში განხორციელდეს ეს არის წყლის პროექტები, იმიტომ რომ სოფლების უმრავლესობას არასდროს არ ჰქონია წყლის ინფრასტრუქტურა და დღეს ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება, რათა თითოეულ ოჯახამდე მივიდეს 24 საათიანი წყლით უზრუნველყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონს ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც ჯერ კიდევ აუთვისებელია და ამ კუთხითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. აქ არის უზარმაზარი ეკონომიკური სიმძლავრეები და ეს ყველაფერი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ქართული მრეწველობისთვის და განვითარებისთვის, ეს რეგიონი ერთგვარ ლოკომოტივად ვაქციოთ”, – განაცხადა სოზარ სობარმა.