ვინ იყო ვლადისლავ არძინბას შვილობილი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, იმამ შამილის ქუჩაზე 18 მაისს პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი – ქემალ არძინბა მოკლეს.
ბოროტმოქმედების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია, გადაკეტილია სოხუმიდან გასასვლელი პუნქტები.
ქემალ არძინბა ვლადისლავ არძინბას შვილობილი გახდა, რადგან ვაჟი არ ჰყავდა. ქემალმა როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში შესაბამისი როლი დაიკავა.
ოფიციალურ წყაროებში ქემალ არძინბაზე ნათქვამია, რომ ის ბიზნესმენია. 2020 წელს FORBES MANDARIN-მა ყველაზე მდიდარი აფხაზების ათეული შეადგინა, რომელშიც ქემალ არძინბა მერვე ადგილზე განთავსდა. აღინიშნა, რომ ის კომპანია “აკვაფონის” აქციათა დიდ პაკეტს ფლობდა. მისი ქონება $18 000 000 შეადგენს.
ამასთანავე, მას გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა ე.წ. კრიმინალურ სამყაროში. თუმცა, “კანონიერი ქურდის” სტატუსი არ გააჩნდა.
2004 წელს ქემალ არძინბაზე თავდასხმა მოხდა, 2020 წელს კი ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, თითქოს, ცეცხლი მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების – ალხას ავიძბასა და ასტამურ შმაბას ნათესავებმა გახსნეს, რომლებიც ქემალ არძინბას ეძებდნენ.
რაც შეეხება ქემალ არძინბას პოლიტიკურ პოზიციას, რაულ ხაჯიმბას ე.წ. თანამდებობიდან გადადგომისა და ასლან ბჟანიას დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის “პრესინგში” აღმოჩნდა, 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან “სან-რემოში” ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის – ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობის შემდეგ.
ასევე ცნობილი იყო, რომ ის მხარს უჭერდა ადგურ არძინბას და სავარაუდოდ, შეეცდებოდა ასლან ბჟანიას დამხობას.