თამარ გაბუნია: სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ და ხარისხის მოთხოვნა ვაქცინებთან მიმართებით შესრულებულია
“სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ და, რა თქმა უნდა, ხარისხის მოთხოვნა, რაც დღეს არის ვაქცინებთან მიმართებით, სამივე შემთხვევაში შესრულებულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინამ ვაქცინაციის გააქტიურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ „ასტრაზენეკას“ და, ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა. ვფიქრობ, „ფაიზერის“ ვაქცინამ რაღაცნაირად გადაარჩინა ეს პროცესი იმიტომ, რომ აქ ნდობა დახვდა „ფაიზერს“, რაც ისრაელის მაგალითით იყო განპირობებული და მაღალი აქტივობა გვქონდა. საწყისი 29 000 დოზა ორად გაიყო, გადანაწილდა და 14 500 მოქალაქე აიცრა. ძირითადად ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და სხვა ჯგუფები, კერძოდ ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ვისთვისაც რეკომენდირებული იყო „ფაიზერით“ აცრა.
ვაქცინაციის გააქტიურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „სინოფარმის“ ვაქცინამ. კარგია, რომ ამ ვაქცინამ ჯანმო-ს ავტორიზაცია მიიღო. სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ და, რა თქმა უნდა, ხარისხის მოთხოვნა, რაც დღეს არის ვაქცინებთან მიმართებით, სამივე შემთხვევაში შესრულებულია“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან, „სინოფარმით“ 4 მაისიდან.