“50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდათ” – სამედიცინო ბრიგადამ პაციენტისთვის სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა შეძლო

“გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

„ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა“, – იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.

პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ- ფილტვის რეანიმაცია.
„პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ, მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი“- იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.

ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.

კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები