ალუდა ღუდუშაური: ოპოზიცია კუთხეშია მიმწყვდეული
“თუ ვინმეს რაიმე აქვს იმის დამამტკიცებელი, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს წარმოადგინონ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, კეთილი ინებონ და შემობრძანდნენ საგამოძიებო კომისიაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს.
მისივე თქმით, კომისია ყველა შეკითხვას წერტილს დაუსვამს.
„ოპოზიცია კუთხეშია მიმწყვდეული და აღარ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას. რამდენიმე დღის წინ ბადრი ჯაფარიძისა და სალომე სამადაშვილის მხრიდან მოვისმინეთ 2020 წლის არჩევნების რბილად აღიარება, როცა მათ განაცხადეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე. მათ დღეს კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ, ხოლო თუ ვინმეს რაიმე აქვს იმის დამამტკიცებელი, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს წარმოადგინონ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, კეთილი ინებონ და შემობრძანდნენ კომისიაში.
კომისია ყველა ასეთ კითხვას წერტილს დაუსვამს. ვინაიდან მათ იციან, რომ არ აქვთ არცერთი მტკიცებულება, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დასვა წერტილი და თქვა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ამიტომ, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე მოახდინონ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია. თუმცა, კომისია იქნება უაღრესად ეფექტური“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.