დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს” პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ” პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული დარგის ექსპერტები, მათ შორის, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები, ბიზნესსექტორის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თბილისის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები. დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმის საშუალებითაც ჰქონდათ.
„ვფიქრობ, რომ ეს დარგი და ეს სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სექტორი, რომელიც საჭიროებს, რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება, მეტი დრო დავუთმოთ. ზუსტად ამის გათვალისწინებით მიიჩნია კომიტეტმა, რომ ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი საბჭო, სადაც პარლამენტში, კომიტეტში შემოსული ინიციატივების ამ ფორმატში განხილვის გარდა, შესაძლებელი იქნება, რომ ასევე განვიხილოთ ის გამოწვევები, რასაც თქვენ, ამ დარგის სპეციალისტები ხედავთ სექტორთან მიმართებაში. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ სად, რისი გაუმჯობესება შეიძლება, რა ინიციატივები შეიძლება წამოვწიოთ წინ და თუ ყველა ერთხმად მივიჩნევთ, რომ ესა თუ ის ინიციატივა მიზანშეწონილია და სექტორის განვითარებასაც ხელს შეუწყობს, კომიტეტი მის დაინიცირებაზეც იფიქრებს”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს ამა თუ იმ პერიოდისათვის აღნიშნულ სფეროში აქტუალურ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება დარგის და სექტორის განვითარებისათვის, დეტალურად შეაჯერებს წინადადებებს და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივადაც აქცევს. შესაბამისად, სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელი სხდომაზე განსახილველ საკითხად კი განისაზღვრა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამშენებლო სფეროს რეგულაციებს უკავშირდება და რომლებიც პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ უკვე ინიცირებულია. კერძოდ, საბჭომ განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელთა მიზანია უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების გამო ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დარჩენილი ობიექტებით გამოწვეული პრობლემური საკითხების დარეგულირება. პრობლემის არსზე და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს წევრებს ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააცნო. განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და სპეციალისტთა მხრიდან მრავალი საყურადღებო მოსაზრება გამოითქვა. სხდომის მონაწილეთა ერთობლივი მოსაზრება იყო, რომ პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს. შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ ცალკეული დეტალების დაზუსტების და შესაბამისი პროცედურების გაწერის მიზნით, უპრიანი იქნება, თუკი სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრის დროს საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, კანონპროექტების საკომიტეტო განხილვების პროცესებს უდავოდ ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები