„ბეატრიჩე“- რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე მსოფლიო პრემიერა გაიმართება

19 მაისს 18:00-დან19:00 საათამდე, მსოფლიო პრემიერა –  მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა: „ბეატრიჩე“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
„პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი – „ბეატრიჩე“.
მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიოს პრემიერა  19 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგება.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და მრავალი ჯილდოს მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ ბალეტისთვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა.
დარიო მარიანელის ხელმძღვანელობით, მის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად გაჟღერდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია შეასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი – ირაკლი ღარიბაშვილი“, – აღნიშნულია  ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია „ვითიბი ბანკი“.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები