ე.წ. სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თამბაქოს უკანონო შეტანის მცდელობა აღკვეთეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში “კგბ”-ში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თამბაქოს უკანონო გადატანის მცდელობა აღკვეთეს.
აღინიშნება, რომ პროდუქცია 200 ათას რუბლზე მეტი ღირებულების იყო, სიგარეტები კი – Manchester-ის მარკის.
დანაშაული აპრილის ბოლოს ცხინვალის რაიონის მახლობლად, სოფელ ხელჩუას მიდამოებში აღიკვეთა.
”სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ყადაღადადებული კონტრაბანდის ჩამორთმევით”, – აღნიშნეს ე.წ.უწყებაში.
ე.წ. სადაზვერვო სამსახურის ცნობით, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვას “აკონტროლებენ საქართველოს სპეციალური სამსახურები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მიერ უკანონო ქმედებების განხორციელებით, ასევე, რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებით”.
“კგბ”-ში აცხადებენ, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის დარღვევებისთვის, რომლებიც ეხება ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდას, გათვალისწინებულია არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაც.