ირაკლი კობახიძე: თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა

“თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მარცხი საბოლოოდ გაფორმდა.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.

აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები