ბიბილოვი: სადაც რუსეთია – იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – იქ ომი, სიკვდილი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მოუწოდებს კიევს, დაიცვას მინსკის შეთანხმებები, რომ მოხდეს დონბასში მსხვერპლის თავიდან აცილება.
ამის შესახებ მან თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც ე.წ. რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ.
”მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია – იქ განვითარებაა, სადაც ამერიკა – იქ ომი, სიკვდილი. დიდწილად, რუსეთი არის ძალა, რომელსაც სურს, დაეხმაროს და არ წაგართვას, მას სიცოცხლის გაგრძელება სურს. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას მინსკის შეთანხმებები რომ შეესრულებინა, სიკვდილი არ იქნებოდა. სინამდვილეში, მინსკის შეთანხმებების ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი ხომ მკვლელობის შეჩერებაა”, – თქვა ბიბილოვმა.
მან ხაზი გაუსვა, დონბასში დრო ადამიანების სიცოცხლით იზომება.
”შვიდი წელი მცირე, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდიცაა, რადგან ვადა იზომება არა მხოლოდ დღეებით, საათებით, წლებით. ამ შემთხვევაში, დონბასში ის იზომება ადამიანების სიცოცხლეებით. ეს არის ყველაზე ღირებული და ფასეული რამ ყველა რესპუბლიკაში”, – თქვა მან.