„რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები წერილს წერილზე აქვეყნებენ იმის თაობაზე, რომ ექსპერიმენტმა, რომელსაც “აფხაზეთის დამოუკიდებლობა” ჰქვია, არ გაამართლა“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსულ პრესაში ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების პუბლიკაციები გახშირდა, სადაც ისინი წერენ, რომ ექსპერიმენტმა, რომელსაც “აფხაზეთის დამოუკიდებლობა” ჰქვია, არ გაამართლა და ამ აღიარების უკან წაღებაა საჭირო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„საყურადღებოა, რომ რუსულ პრესაში გახშირდა პუბლიკაციები, სადაც პირდაპირ აყენებენ საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ ხარჯავს რუსეთი ამდენ ფულს, როდესაც აფხაზები, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთის მიმართ მეგობრულად არ არიან განწყობილები, ვალდებულებებს არ ასრულებენ. ძალიან მწვავე წერილები გამოჩნდა რუსულ მედიაში, რომელთა ავტორები ცნობილი რუსი ექსპერტები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. ეს სერიოზული მესიჯია როგორც აფხაზებისთვის, ასევე, ქართული მხარისთვისაც. ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები წერილს წერილზე აქვეყნებენ იმის თაობაზე, რომ ექსპერიმენტმა, რომელსაც “აფხაზეთის დამოუკიდებლობა” ჰქვია, არ გაამართლა, საჭიროა ამ აღიარების უკან წაღება და საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.
აფხაზეთში ძალიან სერიოზული ძვრები მიდის.
რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ რუსებმა აფხაზეთში სოციალური კველვა ჩაატარეს. ისინი გაოცებულები დარჩნენ იმის გამო, რომ ბევრი ახალგაზრდა საქართველოსკენ იხედება, თავის მომავალს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებაში ხედავს.
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურება, რათა გზაჯვარედინზე მყოფ აფხაზეთს დავეხმაროთ, სწორი მიმართულებით წავიდეს, გადარჩენის და არა – დაღუპვის გზით“, – განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები