„1-ელი იანვრიდან აფხაზეთის ბიუჯეტს რუსეთიდან არაფერი მიუღია“ – ჯემალ გამახარია
“1 -ელი იანვრიდან აფხაზეთის ბიუჯეტს რუსეთიდან არაფერი მიუღია”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოდლინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარიამ ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
„1 -ელი იანვრიდან აფხაზეთის ბიუჯეტს რუსეთიდან არაფერი მიუღია. აფხაზეთის ბიუჯეტს 50-70 %-ს რუსეთი ავსებდა, მაგრამ წელს რუსეთმა აფხაზებს დაფინანსებაზე უარი უთხრა. ერთი მიზეზია ის, რომ იმდენადაა კორუფცია მოდებული, ამ თანხების უდიდესი ნაწილი გარკვეულ ჯგუფებში კორუფციული სქემებით ნაწილდება. ნაწილი „ატკატით“ უკან ბრუნდება, მეორე ნაწილს კი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ინაწილებენ. რაც იყო გათვალისწინებული, რომ ამ თანხებით რაღაცები უნდა გაეკეთებინათ და აეშენებინათ, არაფერია გაკეთებული. მაგრამ დაფინანსებაზე უარის მიზეზი მარტო ეს არაა“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლად პოლიტიკა უდევს.
„რუსეთმა აფხაზეთს თავს მოახვია 45 პუნქტისგან შემდგარი ე.წ. პროგრამა, რომელიც აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას, უძრავი ქონების გასხვისებასა და სხვა საკითხებს ითვალისწინებს. აფხაზეთმა პროგრამას ხელი კი მოაწერა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის შესრულება არ დაუწყია. სანამ აფხაზეთი ამას არ გააკეთებს, რუსეთიდან ერთი თეთრი არ წამოვა. ამან აფხაზეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე