ერდოღანი: მნიშვნელოვანია პალესტინელების დასაცავად რეგიონში საერთაშორისო ძალების გაგზავნის საკითხის განხილვა
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში შექმნილ ვითარებაზე სატელეფონო საუბარი გამართეს.
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება შეტაკებებისა და მოკლულთა მზარდი რაოდენობის გამო.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“გაიმართა მოსაზრებების არსებითი გაცვლა აღმოსავლეთ იერუსალიმში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. გამოითქვა სერიოზული შეშფოთება მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით, მოკლულთა და დაჭრილთა რაოდენობის გაზრდის გამო. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარეებს მოუწოდებენ დაძაბულობის დეესკალაციისა და პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქული მედია იტყობინება, რომ საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ძალების გაგზავნის საკითხის განხილვას, მშვიდობიანი პალესტინელების დასაცავად.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა ჩაერიოს პალესტინის სიტუაციაში, სანამ კრიზისმა უფრო დიდი მასშტაბები არ მიიღო, ასევე, გააკეთოს მკაფიო გზავნილი და ისრაელისგან მოითხოვოს თავდასხმების შეჩერება.
მისივე თქმით, იერუსალიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის პოზიციების ერთიანობის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი გზავნილი.