ცხინვალმა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დემარკაციის კომისია შექმნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საზღვრის “დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის განკარგულებას” მოაწერა ხელი.
ე.წ.კომისიის შემადგენლობაში შედიან ე.წ.პრეზიდენტის წარმომადგენლები და დე ფაქტო პარლამენტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი, დავიდ სანაკოევი.
აღინიშნება, რომ “სახელმწიფო კომისია შეიქმნა მთავრობის ორგანოების კოორდინირებული ურთიერთქმედების მიზნით”.
ე.წ.კომისია “საქართველოს საზღვართან დაკავშირებით” მასალების შესწავლით დაკავდება. ე.წ. კომისიის საქმიანობის შედეგად, ე.წ.სამხრეთ ოსეთის “საზღვრის შესახებ კანონში” ცვლილებები შევა.