ონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე სოფელ შარდომეთში მცხოვრებ ვეტერანს მიულოცეს
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავის აღსანიშნავად, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ჩიკვაიძემ, მოადგილე ეკა მაისურაძემ, მერის წარმომადგენელთან ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა ჯაფარიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მცხოვრები, ომის მონაწილე ვეტერანი, საამაყო მამულიშვილი, ბიჭიკო კერესელიძე მოინახულეს, – ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
“საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არ ივიწყებს ამ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს გამარჯვებისა და მშვიდობიანი მომავლისათვის. ომის ვეტერანს, ბიჭიკო კერესელიძეს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიმბოლური თანხა გადაეცა. ბიჭიკო კერესელიძე 99 წლისაა. ის ომის ერთადერთი ცოცხალი ვეტერანია ონის მუნიციპალიტეტში. ომის გმირები უფლის რწმენით, საკუთარი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდნენ. დღესაც ემოციის გარეშე ვერ იხსენებს ომის პერიოდს. მადლობა სამშობლოსთვის თავდადებულ ყველა გმირს, რომელმაც 9 მაისი გადააქცია გამარჯვების დღედ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიჭიკო კერესელიძეს ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.