ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.

“ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

“ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში.

წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

9 მაისს, 17:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალური მედიის არხების საშუალებით გაავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას. 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეებმა და სხვა.

მუსიკალური კომპოზიციის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა გააკეთებენ განცხადებებს ევროპის დღისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. განცხადების ტექსტები იხილეთ ქვემოთ.

გარდა ამისა,საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა, როგორც ევროპის გუნდმა, ერთობლივი ვიდეო გზავნილი გაავრცელეს

9 და 10 მაისის საღამოს კი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები