ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: „ფაიზერი“, ახლა მიიღო „მოდერნამ“, „ასტრაზენეკას“ ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონს“. „სინოფარმი“ არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია.

დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა „სინოფარმი“, ისევე როგორც „სინოვაკი“ აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე. „სინოფარმი“ გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია. ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ

ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური კიდევ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად ნახევარი მილიონი დოზის „სინოფარმის“ მოწოდებაზე.

ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები