საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნორბერტ როდგენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასეს და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა აღნიშნეს. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება რუსეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციული ქმედებები. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე საუბრისას, ნორბერტ როდგენმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეები შეტანხმდნენ, რომ აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის ჩართულობა, რათა საქართველოსმ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრაცია. გერმანელი კანონმდებლის განცხადებით, გერმანია მზად არის, აღნიშნული საკითხები ევროკავშირის წინაშე დააყენოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს.
უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბოლო ათწლეულია ურყევად აგრძელებს დასავლურ კურსს და არის მისი პრინციპების ერთგული. მისივე შეფასებით, ეს დამოკიდებულება გერმანიის მხრიდან სათანადოდ ფასდება და შესაბამისად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და მხარდაჭერა უცვლელი დარჩება.