ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზი შენდება

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ უფრო განვითარდეს ეს მიმართულება.

„რეალურად ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას. ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ უფრო განვითარდეს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც თავისი ზომების, ასევე აუცილებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს პროექტი და სხვა სპორტკომპლექსების მშენებლობა, ეს არის ის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა აკეთებს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის, არამედ იმ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, რაც აქამდეც იყო და კიდევ უფრო მეტი იქნება,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება, მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

სპორტკომპლექსში, ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა

ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ სამ ქალაქში: ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები