„შეხვდი მეცნიერს“ – ვანო მენთეშაშვილი
5 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ივანე მენთეშაშვილთან, რომელიც არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოებისა და „ასოციაცია კულტურათა დიალოგი XXI“-ის წევრი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია ეძღვნება ნაპოლეონის გარდაცვალების 200 წლისთავს (15 აგვისტო, 1769 – 5 მაისი, 1821).
ნაპოლეონი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა, რომლის სახელთან დაკავშირებულია მრავალი სამხედრო, პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენა. ლექციაზე განხილული იქნება ნაპოლეონი თანადროული ისტორიული განვითარების ფონზე, როგორც იმ მრავალფეროვანი პროცესების მთავარი მოქმედი პირი და განუყოფელი ნაწილი. მეცნიერი ლექციაზე ისაუბრებს ისეთ ისტორიულ-ფილოსოფიურ საკითხზე, როგორიცაა გმირისა და ძალაუფლების ერთიანობა; პიროვნული ასპექტების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების, კერძოდ, ნაპოლეონის მიერ 1800 წელს ძალაუფლების ხელში აღების ანალიზის საფუძველზე ნაჩვენები იქნება პიროვნების მიერ საკუთარი თავის, კონკრეტული ისტორიული სიტუაციის და ეპოქის ხედვა, საკუთარი თავისა და ადგილის ძიება აღნიშნულ სიტუაციაში.
სხვადასხვა ფაქტის გაანალიზების მეშვეობით წარმოჩნდება პიროვნების, საზოგადოების და ეპოქის ურთიერთქმედება. ყველაფერ ამაზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნება ის წანამძღვრები, რომელთა საშუალებითაც ხდება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების შერწყმა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.