თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავღანეთში ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე საწვრთნელ მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.