ვლადიმერ ჩაჩიბაია: დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ

“საქართველოს თავდაცვის ძალები როგორც არასდროს დღეს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თავის მოვალეობას”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მან მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მოულოცა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 თავის, 70-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, „ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები” აგრეთვე თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონით, ქვეყანას თავდაცვის ძალები ჰყავს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი. დაარსების დღიდან ახლად შექმნილი ქართული ჯარი ჩაერთო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში და ბრძოლები მოუწიათ სეპარატისტულ და რუსეთის ჰიბრიდულ ძალებთან. სამწუხაროდ ბევრი ღირსეული მებრძოლი დაეცა ბრძოლის ველზე და ბევრიც დაშავდა უთანასწორო ბრძოლებში. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული მეომრების და მათი ოჯახების წინაშე. ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების წინაშე, მათი ღვაწლი დიდია თავდაცვის ძალების აღმშენებლობის და ქვეყნის თავდაცვის საქმეში. საქართველოს თავდაცვის ძალები როგორც არასდროს დღეს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თავის მოვალეობას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩვენი სამხედროები ჩართულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევაში და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯს. მათი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი აღიარებულა პარტნიორი ქვეყნების მაღალი იერარქიის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მხრიდან. ყველას გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები