„ეპოქა დასრულდა! წავიდა ამ ქვეყნიდან ქართული თეატრის დონ კიხოტი“…

„შენ თუ სხვისი სიკეთე გიხარია, შენ ხარ ჯანმრთელი და გამარჯვებული…მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული გააძლებინებს საქართველოს“… – კახი კავსაძე.

კახი კავსაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში რეჟისორი და მსახიობი გოჩა კაპანაძე ეხმიანება.
ძალიან მიჭირს სიტყვებს თავი მოვუყარო და გადმოვცე ის დიდი ტკივილი, რასაც ახლა ვგრძნობ. ეპოქა დასრულდა! წავიდა ამ ქვეყნიდან ქართული თეატრის დონ კიხოტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა და თითოეული ჩვენგანის უსაყვარლესი ადამიანი და მსახიობი, ბ-ნი კახი კავსაძე.
ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მხვდა წილად მასთან ურთიერთობის ფუფუნება. ბ-ნი კახი ყოველთვის იყო ჩემთვის სიკეთის, ადამიანებთან ურთიერთობის, კოლეგიალობის, მეგობრობისა და სიყვარულის სიმბოლო. ის ამით ცხოვრობდა და ყველას ამას უქადაგებდა გარშემო. მის პროფესიონალიზმზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ეს ყველამ კარგად ვიცით, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უბედნიერესი ვარ, რომ მარგუნა ღმერთმა ბ-ნ კახისთან შემოქმედებითი ურთიერთობის და მეგობრობის ბედნიერება.
მთელი გულით ვუსამძიმრებ მისი ოჯახის თითოეულ წევრს, ჩემს ირაკლის და ნანუკას, ბ-ნი კახის შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს.
ბ-ნო კახი, ახლა უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „იქ, თეატრი არის!” – წერს გოჩა კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები